თბილისის 24-ე საერთშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თბილისის 24-ე საერთშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები 2 დეკემბერს გამოვლინდნენ.
მთავარი ჯილდო, “ოქროს პრომეთე” რეჟისორ, ზაზა ხალვაშის ფილმს, “ლოტო” გადაეცა, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის; ხოლო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში, მარიამ ბიწაძის ფილმმა, “სუფრა” გაიმარჯვა.
დოკუმენტური ფილმების ნომინაციებში “პრომეთე” ერგო რეჟისორ, გიორგი ფარქოსაძეს, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს”; ხოლო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის – რეჟისორ აკი მანუკის “იგი”.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა:
- სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი შაშვი მაყვალი”.
- სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – ლუკა ბერაძის ფილმმა “ღიმილიანი საქართველო”.
- მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – სალომე კინწურაშვილის ფილმმა “გაქცევა”.
- მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – გიორგი ფარქოსაძის ფილმმა “მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში”. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმისთვის რეჟისორს საქართველოს კინოინსტიტუტის ჯილდოც გადაეცა.
კინოფესტივალი 3 დეკემბერს ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებლებს, ფესტივალი ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის ფილმით, “ჩამოცვენილი ფოთლები” დაიხურა.