The New York Times-ი საავტორო უფლებებით დაცული ინფორმაციის გამოყენებისთვის ChatGPT-ს შემქმნელებს უჩივის

12 იანვარი 2024

ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ChatGPT-ს წინააღმდეგ The New York Times-ისა და სხვადასხვა ავტორის არაერთი საჩივარია შესული. საჩივრები საავტორო უფლებებით დაცული სამუშაოს გამოყენებას ეხება.

მაგრამ არღვევენ კი OpenAI-ისა (ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია) და მისი ბიზნეს პარტნიორი Microsoft-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები საავტორო უფლებების და სამართლიანი კონკურენციის კანონებს? საავტორო უფლებების ადვოკატის, აშიმა აგარვალის თქმით, ძნელია ამ სიტუაციაში ოპტიმიზმის შენარჩუნება, რადგან მწერლებსა და მედიასაშუალებებს სასამართლოში ამ საქმის მოსაგებად წინ რთული ბრძოლა ელით.

ერთი სარჩელი ეკუთვნის The New York Times-ს, მეორე ცნობილი მწერლების ჯგუფს, როგორებიც არიან ჯონ გრიშემი, ჯოდი პიკოლტი და ჯორჯ რ. მარტინი. მესამე სარჩელის ავტორი კი არამხატვრული ლიტერატურის მწერლები არიან, მათ შორისაა პულიცერის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომლის ნაწარმოებზეც დაფუძნებულია ფილმი „ოპენჰაიმერი“.

მსგავსი სარჩელი დეკემბრის დასაწყისში Chat-GPT-სა და Microsoft-ის წინააღმდეგ The Times-მაც შეიტანა. კომპანიებს NYT-ს სარჩელთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა The Times -ის სარჩელს მათ უსარგებლო უწოდეს. “ხელოვნური ინტელექტის მოდელირება ისე, რომ  საჯაროდ ხელმისაწვდომი ინტერნეტ მასალები გამოიყენოს, სრულიად სამართლიანია. ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს” – ნათქვამია OpenAI-ს ბლოგპოსტში.

„მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც უფასოა ინტერნეტში,  არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მისი კოპირება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გამოყენებაზე კომერციული მიზნებისთვის. ვინ მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ვარ საავტორო უფლებების დაცვის მომხრე – განაცხადა კეტი ვოლფმა, ჰოლანდიური ფირმის Wolters Kluwer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც საავტორო უფლებების კუთხითაც მუშაობს.

წყარო – The New York Times