Architizer-მა საქართველოს 10 წამყვანი არქიტექტურული კომპანია გამოავლინა

5 მარტი 2024

საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული  პლატფორმა Architizer, საქართველოში ბაზირებულ საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიებზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მოქმედი არქიტექტურული კომპანიების სამოქმედო არეალი მრავალფეროვანია და  მოიცავს, როგორც კავკასიის ისტორიულ ლანდშაფტებს, ისე თბილისის თანამედროვე ურბანულ გარემოს. სტატიაში აღნიშნავენ, რომ ქართული არქიტექტურული სცენა კულტურული მემკვდრეობისა და ინოვაციების მდიდარი ნაზავით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ქვეყნის უნიკალური მდებარეობით.

Architizer-მა დაასახელა ის კომპანიები, რომელთა პროექტებიც შექმნილია ინოვაციური მიდგომებით, ქართული იდენტობისა და კულტურის გათვალისწინებით. 

ამ კომპანიების რეიტინგი ეფუძნება მათი მიღწევების ყოვლისმომცველ ანალიზს,  მოპოვებულ ჯილდოებსა და  პროექტებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო  როგორც „დღის პროექტი“,  Architizer-ის პლატფორმაში შეტანილი საერთო წვლილისთვის.

ქვემოთ მოცემულია 10 საუკეთესო არქიტექტურული კომპანია საქართველოში, რომელიც Architizer-მა დაასახელა:

Khmaladze Architects – კომპანია სპეციალიზირებულია სტუმართმოყვარეობის არქიტექტურაში;

 

Architects of Invention – ცნობილია საერთაშორისო პარტნიორობითა და თავისი მნიშვნელოვანი წვლილით სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურაში;

 

STIPFOLD – კომპანიას აქვს ინოვაციური მიდგომა არქიტექტურის, დიზაინისა და ტექნოლოგიების შერწყმაში;

 

MHD Group – მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას ზოგადი არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინში;

 

Laboratory of architecture #3 – ცნობილია თავისი ინოვაციური და ფუნქციონალური დიზაინით 2006 წლიდან;

 

SPECTRUM – კომპანია, რომელიც გვთავაზობს პროდუქტს ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმით;

 

Artytechs – ცნობილია შემოქმედებითი პროექტებით, რომლებმაც საერთაშორისო არქიტექტურული აღიარება 2014 წლიდან მოიპოვეს;

 

SEDUM.ARCHITECTS – ორიენტირებულია არქიტექტურის, გარემოსა და ახალი ტექნოლოგიების ინტერაქციაზე;

 

AD1369105 – კომპანია, რომელიც აღიარებულია მაღალი ხარისხის ურბანული გარემოს დიზაინით;

 

MUA Architecture & Placemaking – ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, MUA ახერხებს სივრცეების მნიშვნელოვან ადგილებად გარდაქმნას, ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის გათვალისწინებით.

 

ეს მნიშვნელოვანი აღიარება საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ინოვაციური მიდგომების ქვეყანას.

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია ულოცავს არქიტექტურულ კომპანიებს ამ წარმატებას. საერთაშორისო არქიტექტურულ პლატფორმაზე გამოქვეყნებული შეფასება, საქართველოში ბაზირებული კომპანიების მიღწევებს აღნიშნავს და ხაზს უსვამს, ქვეყანაში არქიტექტურული ლანდშაფტის დინამიურ და განვითარებად ბუნებას.

აღნიშნული კომპანიების პროექტებსა და მიღწევებზე უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ სტატიას Architizer-ის ვებგვერდზე.