ლევან ლეფსვერიძე კანის ლომების ჟიურის წევრად მიიწვიეს
კომპანია ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს. ლევანი მონაწილეებს PR-ის კატეგორიაში შეაფასებს.
აღნიშნული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და როგორც თავად ლევანი ამბობს, ჟიურიში მოხვედრას არ მოელოდა, ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
„კანის ლომების მთავარი ფესტივალის ჟიურიში მოხვედრა საკმაოდ კომპლექსური საკითხია. აქვთ უდიდესი ბაზა და რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ირჩევენ ჟიურის წევრებს. პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ რომელ ქვეყანას რამდენი ლომი აქვს მოგებული და ამის მიხედვით გამოიყოფა კვოტები. ასევე, მნიშვნელობას ანიჭებენ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მეტი წვლილი მიუძღვით გამარჯვებაში სხვადასხვა დროს. ამას გარდა, ითვალისწინებენ, აქვს თუ არა კანდიდატს სხვა ფესტივალებში ჟიურის წევრობის გამოცდილება. ჩემს შემთხვევაში, 40-ზე მეტ ფესტივალზე ვყოფილვარ ჟიურის წევრი, მათ შორისაა Eurobest-ი, რომელიც კანის შვილობილი ფესტივალია. სავარაუდოდ, ამ ყველაფერმა დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს კანდიდატურაზე და ამირჩიეს“.
კანის ლომების ფესტივალზე ლევან ლეფსვერიძის ჟიურის წევრობა, არა მხოლოდ ლევანისა და მისი კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც თავად ამბობს, ამ გზით საქართველო უკეთ წარმოჩინდება მსოფლიო ასპარეზზე, გაჩნდება თანამშრომლობისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა ჩვენი შემოქმედებითი ინდუსტრიისათვის.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც 70 წელზე მეტია საფრანგეთის ქალაქ კანში ტარდება. წლევანდელი ფესტივალი 17-21 ივნისს გაიმართება.