ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
4-9 ოქტომბერს ქუთაისი რიგით მეოთხე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.
წელს საკონკურსო პროგრამაში მაყურებელი 25 ფილმს იხილავს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები. საკონკურსო ფილმებს შორის, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს, სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.
ჟიურის თავმჯდომარეა FIPRESCI-ის წევრი, კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი ბარბარა ლორეი დე ლაშარიერი. ჟიურის წევრები არიან: მსახიობი და რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი, კინოოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი რამაზან კილიჩი.
ფესტივალის საპატიო სტუმარია ესპანური და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი, მარისა პარედესი, მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს ფილმებს მისი მონაწილეობით. ამასთანავე, პარედესი ჩაატარებს მასტერკლასს ქალი მსახიობებისათვის, გაიმართება მსახიობთან შეხვედრაც, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველს შეეძლება.
მარისა პარედესთან ერთად ფესტივალს ესტუმრება ესპანელი პროდიუსერი ხოსე მარია პრადო.ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ესპანეთია, რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, მსახიობი ევა სივა.
წელს რეჟისორი ფოკუსში, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, პედრო ალმოდოვარია, რომლის 75-ე იუბილის აღსანიშნავადაც მისი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება. ამასთანავე წარმოდგენილი იქნება ემა კოენის შემოქმედება, ამით ფესტივალი აგრძელებს მსოფლიო კინოს განვითარებაში ქალი კინემატოგრაფისტების წვლილის წარმოჩენას.
ფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/y3hymazw