ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
15 ოქტომბერს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, ქანდაკების II სტუდენტურ სიმპოზიუმზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელსაც მ. ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“ მასპინძლობს, 2024 წლის 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „ქანდაკების ფესტივალი 2024“-ს ფარგლებში განხორციელდა და მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, სახელოვნებო მიმართულების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ინოვაციური სკულპტურული პროექტები ქალაქ თბილისისთვის“ – აღნიშნულ თემაზე სტუდენტმა მოქანდაკეებმა, არქიტექტორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ერთობლივი თანამშრომლობით 6 პროექტი განახორციელეს. მონაწილეებმა ქალაქ თბილისში წინასწარ შერჩეული ადგილებისთვის სკულპტურული ესკიზები, არქიტექტურული რენდერები და სახელოვნებათმცოდნეო რეცენზიები მოამზადეს.
„ქანდაკების ფესტივალი 2024“ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. გარდა სტუდენტური სიმპოზიუმისა, ფესტივალის ფარგლებში უკვე მოეწყო ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა „მომავალი მოქანდაკე“. ამასთანავე, ფესტივალის პროგრამა აერთიანებს საგანმანათლებლო-შემეცნებით ლექციებსა და დისკუსიებს.