ულმის უნივერსიტეტის ახალი კვლევა – სმარტფონის ხშირი გამოყენება შემოქმედებით აზროვნებას არ აფერხებს

4 ივლისი 2024

უკვე რამდენიმე წელია სმარტფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რის გამოც გავრცელებულია მოსაზრება, რომ ისინი ამცირებენ შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას. თუმცა,  ულმის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ამ იდეას და კავშირს სმარტფონის გამოყენებასა და კრეატიულობას შორის გაცილებით უფრო ნიუანსურს ხდის.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მონაწილემ.  შეფასდა მათი სმარტფონების და სოციალური მედიის გამოყენების სიხშირე და შემოქმედებითი თვითეფექტურობა. შემოქმედებითი პოტენციალის ობიექტურად გასაზომად, მკვლევრებმა დივერგენციული აზროვნების (DT) დავალებები გამოიყენეს, რაც პრობლემის  უნიკალური გადაწყვეტის პოვნას გულისმხმობს.

მართალია, ულმის უნივერსიტეტის კვლევამ კავშირი აღმოაჩინა სმარტფონის გადაჭარბებულ გამოყენებასა და თვითშეფასებითი კრეატიულობის დაბალ დონეს შორის, მაგრამ მსგავსი უარყოფითი კავშირი არ დაფიქსირდა შემოქმედებითი პოტენციალის განმსაზაღვრელ საზომებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ სმარტფონები ამცირებდა მათ კრეატიულობას, DT დავალებებში უარყოფითი შედეგები არ აღმოაჩნდათ.

სუბიექტურ აღქმასა და ობიექტურ გაზომვას შორის ეს შეუსაბამობა, საინტერესო კითხვებს ბადებს. აღმოჩნდა, რომ სმარტფონებთან დაკავშირებული წარმოდგენები უფრო თვითშესრულებადი წინასწარმეტყველებაა, ვიდრე რეალობა. შესაბამისად, მუდმივმა ღელვამ, რომ მოწყობილობები ამცირებენ ჩვენში შემოქმედებით აზროვნებას, შესაძლოა უნებლიეთ შექმნას მენტალური ბლოკი, რომელიც  შეზღუდავს ახალ იდეებს. 

კვლევამ ასევე შეისწავლა სოციალური მედიის გავლენა კრეატიულ აზროვნებაზე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისეთი პლატფორმების გამოყენება როგორიცაა Instagram და Facebook, ასევე დაკავშირებული იყო თვითშეფასებითი კრეატიულობის დაბალ დონესთან, თუმცა DT დავალებებში ეს მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც უარყოფითია. აღსანიშნავია, რომ კვლევა ფოკუსირებული იყო სოციალური მედიის გამოყენების სიხშირეზე და არა კონკრეტულ გზებზე, როგორიცაა დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა ან კონტენტის შექმნა, რომელიც რეალურად ხელს უნდა უწყობდეს კრეატიულ აზროვნებას. 

კვლევის ერთ-ერთი მოულოდნელი აღმოჩენა იყო ლეპტოპების და კომპიუტერების გამოყენების დადებითი გავლენა შემოქმედებით აზროვნებაზე. მონაწილეები, რომლებიც ხანგრძლივ დროს ატარებენ ამ მოწყობილობებთან, როგორც წესი უფრო მეტ იდეას აგენერირებდნენ DT დავალებებში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მოწყობილობების შედარებით დიდი ეკრანი და კლავიატურა ხელსაყრელ გარემოს ქმნის იდეების გენერირებისთვის. 

კვლევამ ასევე გამოავლინა საინტერესო განსხვავებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის. მაგალითად, მამაკაცები და უფროსი ასაკის ადამიანები ინსტაგრამის ხშირი გამოყენებისას ნაკლებ იდეებს აგენერირებენ. ხოლო, სტუდენტები და ახალგაზრდა თაობა, იდეების ხშირი გაცვლისა და თანამშრომლობისთვის ძირითადად სოციალური ქსელის პლატფორმებს იყენებენ.

ულმის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ტექნოლოგია არის ინსტრუმენტი, რომლის გავლენა კრეატიულობაზე მრავალმხრივია და დამოკიდებულია მოხმარების გზებზე. ხოლო სმარტფონის ჩვევების გაცნობიერებით, შეგვიძლია მისი პოტენციალის გამოყენება კრეატიულობის გასაძლიერებლად.