საჯარო შეხვედრა დანიის კინოცენტრის დირექტორთან, კლაუს ლადეგაარდთან
10 ნოემბერს გოეთეს ინსტიტუტში დოკუმენტური კინოს ასოციაციის ორგანიზებით შეხვედრა დანიის კინოცენტრის დირექტორთან, კლაუს ლადეგაარდთან გაიმართა. შეხვედრის თემა “კინოფონდის მართვა: მთავარი ამოცანა, მისია და ინდუსტრიული გამოწვევები” იყო.
კლაუს ლადეგაარდმა აუდიტორიას გააცნო დანიის კინოცენტრის მხრიდან კინოს მხარდაჭერის სქემა, კინოცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ისაუბრა მის ვრცელ პროფესიულ გამოცდილებაზე კინოინდუსტრიაში. საუბრის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც “ჰუბერტ ბალსის ფონდის” ხელმძღვანელი, თამარა ტატიშვილი უძღვებოდა.
“ჩვენ გავაფართოვეთ კინოინდუსტრიის მიზნები. საჭიროა, რომ დანიაში იქმნებოდეს ფილმები, რომლებსაც კულტურაზე აქვს გავლენა. ისინი უნდა იყვნენ მხატვრული ღირებულებების მატარებლები და ამავდროულად შეიძინონ აუდიტორია. ფილმები უნდა ჰყვებოდეს მნიშვნელოვან ისტორიებს, რომლებიც თანამედროვე რეალობაში ხდება. ეს მოითხოვს დამოუკიდებელ კინოს და ინიციატივებს, რაც ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ეხება როგორც დანიას, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყნის კინოინდუსტრიას.” – აღნიშნა კლაუს ლადეგაარდმა.
როგორც დოკუმენტური კინოს ასოციაციის თანადამფუძნებელი, რეჟისორი სალომე ჯაში აღნიშნავს, კლაუს ლადეგაარდის სამუშაო ვიზიტის მიზანია, დამოუკიდებელ კინოინდუსტრიას და “დოკუმენტური კინოს ასოციაციას” გამოცდილების გაზიარებით, განვითარებაში დაეხმაროს.
კლაუს ლადეგაარდი დანიის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია, კინოდაფინანსების კუთხით ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, რომელიც წლიურად 20-25 მხატვრულ და 30-35 დოკუმენტურ ნამუშევარს აფინანსებს.
რაც შეეხება დოკუმენტური კინოს ასოციაციას (DOCA Georgia), ის მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს დოკუმენტური კინოს პროფესიონალების ძლიერი და მდგრადი გაერთიანება და ამისთვის შექმნას უსაფრთხო სივრცე კავშირებისთვის და საქმიანობისთვის, გაზიარებისა და ახალი ინიციატივებისთვის. ამ გაერთიანებაზე დაყრდნობით DOCA Georgia ქმნის საფუძველს საერთო ხმისთვის, რომ ხელი შეუწყოს შემოქმედებითობასა და გამოხატვის თავისუფლებას, კინოპოლიტიკის გაუმჯობესებასა და აუდიტორიის ზრდას. დოკუმენტური კინოს ხელოვნების გაძლიერებით გვსურს საზოგადოებრივ ცვლილებებში თანამონაწილეობა.