ინტერვიუ ზაზა მარჯანიშვილთან
“მთავარია, შემოქმედ ადამიანებს განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰქონდეთ. ჩემი მიზანია, არასდროს გავჩერდე, არასდროს შევწყვიტო განვითარება.”
პირველი შეხება ხელოვნებასთან და იმპულსი, რამაც მუსიკასთან დაგაკავშირა
ჩვენს სახლში მუსიკა სულ ჟღერდა . ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძიძა ფორტეპიანო იყო, იყო ასეთი რადიო ჟურნალისტი ილია კევლიშვილი, რომელმაც გარისკა და პირველმა გაუშვა რადიოში The Beatles-ის სიმღერა I want to hold your hand. ამ დროს, თურმე, სამი წლის ბავშვს მიმიდია რადიო ყურზე და ავტირებულვარ. მაშინ მიხვდა დედაჩემი, რომ რაღაცაში იყო საქმე. 5 წლის ასაკში ანსამბლ „ნერგებში“ მიმიღეს, სადაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იქ გავიცანით ერთმანეთი მე, პაატა ანდრიაძემ, მამუკა ღაღანიძემ. გვყავდა მასწავლებლები, რომლებიც კლასგარეშე ლიტერატურასავით გვასმენინებდნენ მუსიკალურ ნაწარმოებებს, ხშირად თავადაც უკრავდნენ ხოლმე. ვფიქრობ, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ჩემი ჯაზისადმი სიყვარულს.
ჯაზის სამშობლოში გატარებული წლები – მოგზაურობა ამერიკაში
ამერიკაში გატარებულმა წლებმა და იქაურ მუსიკოსებთან ურთიერთობამ ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა ჩემზე. 1995 წლის მიწურულს გავემგზავრე. იმ თბილისიდან წავედი, სადაც მისალმების ნაცვლად, ადამიანები ერთმანეთს ესროდნენ და აღმოვჩნდი სრულიად სხვა სამყაროში. იქ მუსიკოსების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც სხვანაირი იყო. ამერიკაში ვერასოდეს ათქმევინებ ერთ მუსიკოსს მეორეზე ცუდს, რაც მე ძალიან დამეხმარა. ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც ერთი პიანისტი გავიცანი. როგორც მოგვიანებით გავიგე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ უკრავდა. მას შემდეგ, რაც მომისმინა, ყოველ დილას მაკითხავდა სახლთან, საკუთარი მანქანით დავყავდი ქალაქში და ეძებდა სამსახურს ჩემთვის. სანამ სამსახური არ მაპოვნინა, არ დანებდა. აი, ასეთი ურთიერთობა აქვთ იქ მუსიკოსებს.
ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, ყველა მუსიკოსს დაახლოებით 2-3 წლით სხვადასხვა ქვეყანაში გავუშვებდი, რათა ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად მუშაობის და დაკვრის შესაძლებლობა მისცემოდათ. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება მუსიკოსისთვის. როდესაც ამერიკაში პირველად ჩავედი, თბილისი მეგონა ბოსა-ნოვას და ზოგადად, ბრაზილიური მუსიკის არაოფიციალური დედაქალაქი, რადგან იმ პერიოდში თბილისში ყველა ამ მუსიკას უსმენდა. მეგონა ყველაფერი ვიცოდი ბრაზილიური მუსიკის შესახებ, მაგრამ როდესაც ბრაზილიელებთან ერთად პირველად მოხვდი და დაუკრეს, თვალზე ცრემლი მომადგა. მივხვდი, რამდენად შორს ვიყავი ნამდვილი ბრაზილიური ფესვებისგან. არსებობს კუბური, ირლანდიური, ამერიკული ქანთრის და ფოლკის სკოლა, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი სკოლა და ეს ყველაფერი უნდა გაიაროს და გამოსცადოს ხელოვანმა მუსიკოსად ჩამოყალიბების პროცესში. ის, რომ მე ე.წ. დედანთან მქონდა შეხება, ძალიან დამეხმარა მუსიკალური განვითარების გზაზე. ამას გარდა, მუსიკოსები ერთად მუშაობის და დაკვრის დროს, ერთმანეთს თავიანთ დამალულ პოტენციალს ჩუქნიან, ყველას ხომ თავისი განუმეორებელი სტილი აქვს. ეს ყველაფერი კი ძალიან ეხმარება მუსიკოსს განვითარებაში.
კინომუსიკა – საუნდტრეკები ამერიკული ფილმებისთვის
როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკაში სამსახურის შოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. რატომღაც მეგონა, რომ ლოს-ანჯელესში ჩასვლის შემდეგ, გადმოვიდოდი თუ არა მანქანიდან, მოვიდოდა ჩემთან რობერტ დენირო და მეტყოდა, სად იყავი ზაზა აქამდეო, თუმცა დაახლოებით 1 წელი სამსახურის ძიებაში ვიყავი. არავის სჯეროდა, რომ ჩემი გამოთქმით და აქცენტით, დასაქმებას და თავის დამკვიდრებას შევძლებდი. კინომუსიკაშიც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ერთხელ, მუსიკალურ მაღაზიაში შევიარე ინსტრუმენტების დასათვალიერებლად, მივუჯექი ელექტრო პიანინოს და დავუკარი. მოვიდა ჩემთან უცხო ადამიანი, გამომკითხა ვინაობა, ჩაიწერა ჩემი ტელეფონის ნომერი და რამდენიმე დღეში დამირეკა კიდეც. ასე დაიწყო ყველაფერი.
კინომუსიკაზე მუშაობის პროცესი, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესისგან ძალიან განსხვავდება. კინომუსიკა სულ სხვა მეცნიერებაა, რადგან ამ დროს კომპოზიტორმა ისეთი მუსიკა უნდა შექმნას, რომ მაყურებელმა ეკრანს თვალი ვერ მოაცილოს. ხშირად ცდებიან ხოლმე რეჟისორები, საშიში მომენტის დროს უნდათ, რომ ხმაურიანი მუსიკა ჟღერდეს, ამ დროს კი კომპოზიტორმა შესაძლოა სრულად გააჩეროს მუსიკა და სცენა ბევრად უფრო საშიში გამოვიდეს. ასევე, პაუზაც შეიძლებაბევრად უფრო სასაცილო იყოს, ვიდრე იქ ჩაყრილი ნოტები. მუსიკოსმა ფაქტობრივად ფსიქოლოგიის საფუძვლებიც უნდა იცოდეს და ძალიან ბევრი ფაქტორი გაითვალისწინოს კინომუსიკაზე მუშაობის პროცესში.
მუსიკალური ინდუსტრია დღეს და მომავლის პერსპექტივები
უამრავი წელია რაც მუსიკალურ სფეროში ვმოღვაწეობ და ამ ხნის განმავლობაში ინდუსტრიაშიც ბევრი რამ შეიცვალა. ყველა საუკუნეს აქვს თავისი პატარა დეპრესიული პერიოდი და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიოდში ვცხოვრობთ ჩვენ. თუმცა, ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან გამოწვევა უფრო მეტია და შესაძლოა, ზუსტად ამ დროს დაიწეროს უფრო საინტერესო მუსიკალური ისტორია. ბოლო დროს ჩვენმა ყოფიერებამ ყველაფერი სულიერი შთანთქა, მუსიკა კი სულის გარეშე არ არსებობს, სულიდან მოდის მელოდია. ამიტომაც ნაკლები მელოდია გვაქვს და მუსიკოსი ბევრად მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გაყიდოს თავისი პროდუქტი, ვიდრე როგორ დაწეროს.
დღესდღეობით მუსიკის შექმნას სჭირდება კონკრეტული ტექნოლოგია, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული. რაღაცნაირად უნდა დაბალანსდეს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ინდოეთი საქართველოში. არ უნდა იყოს ორი უკიდურესობა, სადაც არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან სად წაიღონ ფული და არიან ღარიბი მუსიკოსები, რომლებსაც გიტარის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვთ. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, თუ რა და როგორ უნდა გადანაწილდეს, რომ ყველა მოგებული და კმაყოფილი დარჩეს. ამერიკაში მერია ან კულტურის დეპარტამენტი არასოდეს აფინანსებს მუსიკოსს, მუსიკოსი დაფინანსებას დონორებისგან, კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან იღებს. ეს აპრობირებული, ნაცადი მეთოდია და შესაძლოა პირდაპირ მოვარგოთ ქართულ რეალობას. ასე არსებობენ ნიუ-იორკის, ლოს ანჯელესის სიმფონიური ორკესტრები, ის ორკესტრები, რომლებიც ფილმების გახმოვანებებზე მუშაობენ.
ზოგადად, მიმაჩნია რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ. ჩემი აზრით, კვადრატულ მეტრზე მთელს მსოფლიოში ყველაზე უხვად ნიჭიერება სწორედ საქართველოშია. მთავარია, რომ შემოქმედ ადამიანებს განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰქონდეთ. ჩემი მიზანია, რომ არასოდეს გავჩერდე, არასოდეს შევწყვიტო განვითარება.
ამ ეტაპზე ვმუშაობ კინომუსიკაზე, ელდარ შენგელაიამ ახალი ფილმი გადაიღო და მაქვს პატივი, რომ ამ ფილმისთვის დავწერო მუსიკა. ეს არის ჩემი მიმდინარე პროექტი და იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე იქნება.