კრეატიული სააგენტო Leavingstone-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი სააგენტოების გაერთიანების, ICOM-ის ოფიციალური წევრი გახდა

28 ოქტომბერი 2024

ქართული კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი პირველი სააგენტოა საქართველოში, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც ICOM-ის ოფიციალური წევრი გახდა.

ICOM არის დამოუკიდებელი სააგენტოების ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანება მსოფლიოში, რომელიც მოიცავს შემოქმედებით, მარკეტინგული კომუნიკაციების, მედიის, რეკლამის, ციფრული კომუნიკაციების და მათთან დაკავშირებულ სერვისებს. მასში შედის 70-ზე მეტი წევრი სააგენტო, 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ქსელი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას და პროფესიულ განვითარებას.

ლივინგსტონის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული მოვლენა ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოსთან თანამშრომლობის გზებს გაუხსნის; ქართველს პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ საგანმანათლებლო პროგრამებში და შევიდნენ დიდი ბრენდების დიდ ტენდერებში.

ლივინგსტონის ICOM-ში ოფიციალურ მიღებასთან დაკავშირებით თბილსში ICOM-ის პრეზიდენტი ემა კინანი ჩამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ  მთელს მსოფლიოში თანამოაზრე კრეატიულ ხალხთან დაკავშირება, ლივინგსტონისთვის შესაძლოა დამატებითი შთაგონების წყაროდ იქცეს.

“ჩვენი მიზანია არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარება, არამედ რაღაცის ერთად შექმნაც. ლივინგსტონთან პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენით, რომ თანხვედრა გვქონდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ქსელის წევრი ქართული სააგენტო გახდა და ამით ძალიან ვამაყობთ “ – თქვა ემა კინანმა.

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა მიზანი, რომ საერთაშორისო სააგენტო გავმხდარიყავით და 2017 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საამისოდ“, – განაცხადა სააგენტოს თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა თავმჯდომარემ, ლევან ლეფსვერიძემ. „ICOM-ში გაწევრიანება შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო მეტ თანამოაზრე კრეატიულ ადამიანს დავუკავშირდეთ მსოფლიოში, რაც თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტებისთვის მეტ შესაძლებლობას გაგვიხსნის. გარდა ამისა, ICOM გვაწვდის ფასდაუდებელ პლატფორმას მარკეტინგის სხვა გამოჩენილ ფიგურებთან აზრებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით დასაკავშირებლად“.

ლივინგსტონი საქართველოში 2010 წელს დაარსდა და ემსახურება კლიენტების მრავალფეროვან ასორტიმენტს მთელს მსოფლიოში. სააგენტოს სხვადასხვა ევროპული სარეკლამო ფესტივალიდან მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად მოგებული აქვს ორი კანის ლომი.